...ქრისტე იშვა ბეთლემსაო...
![]() |
A A 1441 |
საკვანძო მუხლები:
კათოლიკე ეკლესია ქრისტეს შობას 25 დეკემებრს აღნიშნავს, მართლმადიდებელი ეკლესია კი 7 იანვარს.
მრავალი გულწრფელი მორწმუნე მიჰყვება საუკუნეების წინ დადგენილ ტრადიციას სიხარულით მიდის ტაძარში, ანთებს სანთლებს, ესწრება წირვას და ფიქრობს ამით განადიდებს უზენაეს ღმერთს და უფალ იესოს.
თუ მსოფლიო ისტორიას გადავხედავთ და ფაქტებს გავეცნობით დავინახავთ, რომ 25 დეკემბრის ე.წ ''შობის რიტუალები'' მანამ არსებობდა ვიდრე ქრისტიანობას ჩაეყრებოდა საფუძველი.
ეკლესიის წინამძღოლებმა ეს თარიღი წარმართულ რომაულ დღესასწაულს, უძლეველი მზის დაბადების დღეს დაამთხვიეს, რომელიც ზამთრის ბუნიობას ეძღვნებოდა. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ახალმოქცეული წარმართებისთვის ქრისტიანობას მეტი აზრი შეეძინა.
ბიბლია არ საუბრობს იესოს შობის თარიღზე, მაგრამ თუ უკან გადავითვლით დროს ახ.წ. 33 წლის 14 ნისანიდან, პასექიდან, შევძლებთ დავადგინოთ, სავარაუდოდ როდის დაიბადა იგი. ქრისტე დაახლოებით 30 წლის იყო, როდესაც დაიწყო ქადაგება და სამწელიწად-ნახევარი მსახურობდა. როგორც ჩანს, იესო ძველი წელთაღრიცხვით 2 წელს, ადრეულ შემოდგომაზე, უნდა დაბადებულიყო.
მე როგორც ქრისტიანი ყოველდღიურად ვზეიმობ ქრისტეს შობას, ასევე ყოველდღე ვიხსენებ უფლის ნათლობას, ფერისცვალებას, სიკვდილს, მკვდრეთით აღდგომას, ამაღლებას, ქრისტიანებზე წმინდა სულის გადმოსვლას და წმინდა წერილში აღნიშნულ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს.
მე მსურს წელიწადში არსებული ყველა დღე მივუძღვნა იესოს, რადგან მან ზეციერ მამასთან შემარიგა, მარადიული სიკვდილისგან მიხსნა, ცოდვები მაპატია, ჩემს გამო მოკვდა, ჩემს გადასარჩენად აღდგა, ამაღლდა და დიდი ხნის შემდეგ ჩემი, ჩვენი ბედნიერი მომავლისთვის გამეფდა.
მიჰყევით ბიბლიას. შემოუშვით ქრისტე თქვენს გულებში, დაემორჩილეთ უზენაეს შემოქმედს და იგრძნობთ იმ დიდ სიხარულს რაც ყოველდღიურად მხსნელის შობასთან შეგებებაა.
რა გზა განვლო ქრისტიანობამ კატაკომბებზე მიხატული თევზებიდან, შესაკრებელში ქადაგების დროს ხმის გამაძლიერებელ აპარატურამდე? რა გზა გავიარეთ იმისთვის, რომ მართლმადიდებლებთან, კათოლიკეებთან, იეჰოვას მოწმეებთან, ლუთერელებთან, ბაპტისტებთან, ორმოცდაათიანელებთან, ევანგლისტებთან, ანგლიკანებთან, კალვინისტებთან, კვაკერებთან, დუხუბორებთან, ხსნის არმიის წარმომადგენლებთან, სხვა პროტესტანტებთან, მალაკნებთან, მუნისტებთან, ბაჰაისტებთან, მორმონებთან, იეზიდებთან, ვაიშნავებთან, ბუდისტებთან, ბაჰაისტებთან, შიიტებთან, სუნიტებთან, იუდევლებთან, ადვენტისტებთან, აგნოსტიკოსებთან, ათეისტებთან, თეისტებთან, დეისტებთან და სხვებთან მეგობრული დამოკიდებულება გვქონოდა? პასუხი ყველამ ვიცით. ვიცით, როგორი იყო ეს გზა, ძალადობრივი და სისხლიანი. აღარასდროს უნდა დავუშვათ ამის განმეორება.
ერთხელ უფალ იესო ქრისტეს ჰკითხეს: „მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება კანონში?“ მან უთხრა: „გიყვარდეს შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:36-39).
''პავლე მოციქული კი ამბობს: სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება, ენები შეწყდება, ცოდნაც გაუქმდება.'' (1 კორინთელები 13:4-8).
სიყვარული ღვთის უმთავრესი თვისებაა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).
ქრისტიანობის არსი სწორედ ეს არის, ამიტომაც მოგვიწოდებს მხსნელი იესო: ''გიყვარდეთ ერთმანეთი'' (იოანე 15:12).
გიყვარდეთ ყველა ადამიანი და პატივი ეცით მათ დაბადების ადგილის, სქესის, ეროვნების, ენის, ორიენტაციის, რასის თუ რელიგიური შეხედულებების მიუხედევად.
ქრისტე ხომ ყველასთვის იშვა, ყველასთვის მოკვდა და ყველას გადასარჩენად აღდგა. ღმერთმა თავის ანარეკლად შეგვქმნა და განიზრახა, რომ სამოთხეში მარადიულად გვეცხოვრა სრულყოფილი ჯანმრთელობით (დაბადება 1:28). როცა შეცდომა დავუშვით და გული ვატკინეთ, მან მაშინვე განიზრახა ჩვენს სახსნელად დედამიწაზე თავისი მხოლოდშობილი ძე იესო გამოეგზავნა და მას თავი გაეჭეჭყა სატანისთვის (დაბადება 3:14-15). ჩვენმა ზეციერმა მამამ უდიდესი სიყვარული ქრისტეს მოვლინებით დაგვიმტკიცა (იოანე 3:16). იგი მალე საბოლოოდ განახორციელებს თავის თავდაპირველ განზრახვას, დედამიწაზე დაამყარებს მარადიულ სამეფოს (დანიელი 2:44), აღმოფხვრის ახლა არსებულ ყველა პრობლემას მათ შორის სიკვდილს და დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად გვაცხოვრებს (გამოცხადება 21:3-4). ღმერთმა შეგვიყვარა (1 იოანე 4:19), მან იესო გამოგზავნა რომელიც მოკვდა ჩვენთვის როცა ჯერ კიდევ ცოდვილები ვიყავით (რომაელები 5:8), რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე (1 იოანე 4:9-10). ღვთის სიყვარული სწორედ ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს რომელიც დამამძიმებელი არ არის (1 იოანე 5:3). ღმერთს ვუყვარვართ მაგრამ, ეს არ დაგვიმსახურებია. მან ყველაფერი გვაპატია და ისიც, რომ გავანაწყენეთ და დაუფიქრებელი საქციელებით დღესაც გულს ვტკენთ თუმცა, მაინც მისი საყვარელი შვილები ვართ. მოდით მივბაძოთ ზეციერ მამას და გვიყვარდეს ყველა დაშვებული შეცდომების მიუხედავად. როგორ დაგვიხსნის ღმერთი თუ მისი სული ჩვენში არ იქნება? გავუღოთ გულის კარი უფალს, თავად სიყვარულს.
დიდი დროა გასული სამყაროსა და ადამიანის შექმნიდან. რამდენიმე ათასწლეულმა განვლო, რაც ღმერთმა წარღვნის ღრუბლები ციდან გადაჰყარა და ცისარტყელა გამოსახა, ოცდამეერთე ასწლეული იწურებოდა აბრაამიდან და სარადან, ცამეტი ასწლეული ებრაელთა გამოხსნიდან, თერთმეტი ასწლეული რუთისა და მსაჯულებიდან, ათასწლეული დავითის ცხებულებიდან, დანიელის წინასწარმეტყველების სამოცდამეხუთე დღე დამდგარიყო, 194-ე ოლიმპიადა იმართებოდა და 752 წელი გასულიყო რომის დაარსებიდან, ორმოცდამეორე წელს გაევლო ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობიდან - წმიდა ღამე იდგა, როცა ყოვლადმოწყალე გამომსყიდველმა შემოქმედმა ინება ეკურთხებინა მთელი სამყარო, ზეციდან გარდამოხდა ღვთის ძე იესო და ჩაისახა სულიწმიდის ძალით ქალწულის მუცელში, ცხრა თვის თავზე იუდეის ბეთლემის ბოსელში იშვა როგორც სრულყოფილი ადამიანი.
სამყარო სულ მალე აღარასდროს იქნება ძველებური.
ქრისტე იშვა! ქრისტე აღდგა! ქრისტე ამაღლდა! ქრისტე გამეფდა! იდიდოს მან მამასთან ერთად აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. გააზრებული და გულწრფელი ლოცვით მივაგოთ ზეციერ მამას დიდება, პატივი, ძლიერება და მადლიერება (გამოცხადება 4:11) სიყვარულისთვის, პატიებისთვის, დახმარებისთვის და რაც მთავარია, იმ დიდებული საჩუქრისთვის რაც 2019 წლის წინ იუდას ბეთლემში გაგვიკეთა ბაგაში მწოლიარე ახალშობილი იეშუა (იესო) ნაზარეთელის (ქრისტეს) სახით.
ღმერთი გფარავდეთ დედამიწის მოსახლენო!
ტექსტში გამოყენებულია ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი (აქთ).
ავტორი: ლადო ქურთუბაძე